„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა.საია-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივნისი-ივლისთან შედარებით აგვისტო-სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ დღეებში გაიზარდა დარღვევების რაოდენობა და სიმძიმე. მათ შორის საუბარია დიდინეძში, გორსა და თბილისში მომხდარ ფაქტებზე, რამაც ორგანიზაციის შეფასებით, საფრთხე შეუქმნა სტაბილურ საარჩევნო გარემოს და კითხვები გააჩინა, რაზეც ისინი სწრაფ, ეფექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას ელიან შესაბამისი სტრუქტურებისგან.
ახალგარზდა იუსრისტებმა წინასაარჩევნო პერიოდში 82 დაღრვევა/ტენდენცია დააფიქსირეს. მათ შორის პარტიის ოფისების დარბევა-ქურდობის 5 ფაქტი, ზეწოლა-მუქარის 4 შემთხვევა, უკანონო აგიტაციის 10, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის -8 ფაქტი. სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დაკავების - 4 შემთხვევა, სამსახუროდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების -6 შემთხვევა, სააგიტაციო მასალის დაზიანების 10 შემთხვევა და ასე შემდეგ. საია-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ფარული ჩანაწერების ფაქტორი წითელ ხაზად გასდევდა წინასაარჩევნო პერიოდს და ჩანაწერების გავრცელების დრო და შინაარსი მიუთითებდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მცდელობაზე.
საია მოუწოდებს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, უპირველეს ამოცანად დაისახონ კენჭისყრის დღის და სხვა საარჩევნო პროცესების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ასევე სწრაფი, სრულყოფილი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიება საარჩევნო კანონმდებლობის ყველა დარღვევაზე. ახალგაზრდა იურისტები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, უარი თქვან დაპირისპირებასა და ესკალაციის საფრთხის შემცველ ქმედებებზე. ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის ძალადობრივი მიმართულებით განვითარება. ხელი შეუწყონ მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს.
საია 500-მდე დამკვირვებლით დააკვირდება კენჭისყრის დღის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით 49 საარჩევნო ოლქში.