ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატების მხარდასაჭერად ბათუმში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი კანდიდატი მუხრან ვახტანგაძის მხარდასაჭერად სპორტული საზოგადოება მთელი საქართველოდან შეიკრიბა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და ქართული ოცნების სხვა მაჟორიტარი კანდიდატები. საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ღვაწლმოსილი და ტიტულოვანი სპორტსმენები. საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, რომელმაც მმართველი გუნდის პირობებში სპორტში მიღწეულ წარმატებებზე და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ამომრჩევლების წინაშე წარსდგა თავად მუხრან ვახტანგაძე, რომელმაც ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატობამდე წარმატებული სპორტული კარიერა განვლო. მუხრან ვახტანგაძე ბოლო წლებში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მუხრან ვახტანგაძე სპორტში სხვა მრავალ ტიტულთან ერთად ატარებს ერთ-ერთ ყველაზე საპატიოს - იგი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონია ბერძნულ ჭიდაობაში.
საარჩევნო შეხვედრის ფინალურ ნაწილში მხარდამჭერებს აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიმართა. რეგიონის პირველმა პირმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, ასევე შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას. ზურაბ პატარაძის თქმით, სულ მალე ბათუმს ექნება ნანატრი სტადიონი, უკვე შენდება ახალი საერთაშორისო სტანდარტების სპორტის სასახლე, სადაც 2017 წელს ხელბურთში ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ. „რეგიონში სულ უფრო და უფრო ვითარდება სპორტული ტურიზმი, რომელსაც უამრავი სტუმარი შემოჰყავს ჩვენს ქალაქში, ეს კი ხელს უწყობს ჩვენი მთავრობის მთავარ მიზანს: დასრულდეს ორთვიანი ტურისტული სეზონი ბათუმში და ჩვენი ქალაქი დატვირთული იყოს 12 თვის მანძილზე“