ზესტაფონის მკვიდრი 15 წლის ტარიელ სამხარაძე ტრადიციულ კარატეში ევროპის ჩემპიონი გახდა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე გამარჯვებულ სპორტსმენს აეროპორტში დახვდა და მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. ევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში გაიმართა.
„საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგით მე-19 ევროპის ჩემპიონატში ვადო კარატეში იღებდა მონაწილეობას. საქართველოს გუნდი შეჯიბრზე 6 კაციანი შემადგენლობით წარსდგა, აქედან ერთ-ერთი ზესტაფონის მკვიდრი ტარიელ სამხარაძე იყო, რომელმაც არაჩვეულებრივად იასპარეზა და 3 მედალი მოიპოვა, აქედან ოქროს მედალი აბსოლუტურ კატეგორიაში, ვერცხლის მედალი თავის წონით კატეგორიაში და ბრინჯაოს მედალი გუნდურ კატეგორიაში. სასიხარულოა ის, რომ სამხარაძე ერთ-ერთ ძლიერ სპორტსმენად დაასახელეს. მან წინა წლის ვერცხლის მედალს ოქროს და ბრინჯაოს მედლები დაამატა. ვულოცავ სპორტსმენს, ვულოცავ რეგიონს და მადლობას ვუხდი ზესტაფონის გამგეობას, სწორედ მათი დახმარებით გაემგზავრა სამხარაძე ევროპის ჩემპიონატზე“, - საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი მიხეილ მახარაძე.
„ზესტაფონელ სპორტსმენს ტარიელ სამხარაძეს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, მინდა ვუსურვო კიდევ მეტი წარმატება, რადგან უფრო მეტი გამარჯვებული და წარმატებული ზესტაფონელი გვჭირდება ჩვენ“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები წუხელ გვიან ღამით დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.