რამდენიმე დღეში საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს და გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ მის მნიშვნელობას, - განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა. ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი.
,,არჩევნები ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება.
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 8 ოქტომბრამდე დარჩენილ დროში და არჩევნების დღესაც სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება, სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი.
სახელმწიფოს მეთაური ყველა პოლიტიკურ ძალას კიდევ ერთხელ მოუწოდეს სიმშვიდისკენ და შეახსნებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი არის ამომრჩეველი, რომელმაც მშვიდ ვითარებაში უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საარჩევნო პროცესს საქართველოში რამდენიმე ასეული დამკვირვებელი დააკვირდება- 54 საერთაშორისო და 91 ადგილობრივი ორგანიზაცია, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანი და სტაბილური საარჩვენო პროცესის უზრუნველყოფას. საქართველოში უკვე იმყოფებიან ეუთო-ს წარმომადგენლები. პრეზიდენტი მიესალმება და მადლობას უხდის მათ ამ ჩართულობისთვის. ქვეყნის პირველი პირი ყურადღებით მიადევნებს თვალს მათ მოსაზრებებს საარჩევნო გარემოსთან და მთლიანად პროცესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.