,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ცაგარეიშვილი თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრს ლევან იზორიას მოუწოდებს, რომ არ დაუშვან შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, -ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს მითითებით არჩევანის გაკეთება არ უნდა აკადრონ.
”ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ” თავისუფალმა დემოკრატებმა’’ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩავატარეთ, ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს, იყო თავდაცვის სამინისტროს დეპოლიტიზაცია. რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო ის, რომ შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების უდიდესი ნაწილი აღარ განიცდიდა ზეწოლას მმართველი ძალის მხრიდან და ჯარისკაცებს თავისუფლად შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შეიარაღებულ ძალებში გაუქმდა დახურული უბნები და სამხედრო მოსამსახურეებს თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა შეეძლოთ თავისი გულის კარნახით. ჩვენ, მივიღეთ ინფორმაცია რომ თავდაცვის სამინისტროში არსებობს მოსაზრება და არის მცდელობა, რომ ამ წლების მონაპოვარი რამაც დეპოლიტიზირებული(პოლიტიკისგან თავისუფალი) გახადა თავდაცვის სამინისტრო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამას ჩვენ არ დავუშვებთ და მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრ იზორიას არ დაუშვან რომ შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ და ჩვენს გმირ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს არ აკადრონ მითითებით არჩევანის გაკეთება’’, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.