მშვიდობის ქარავნის ხელში ჩაგდება, რომელზედაც პალესტინისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი იყო განთავსებული დღევანდელი დღის ნომერ პირველ ახალ ამბად იქცა. შტურმი სისხლიანი იყო _ მოკლულია 20-მდე ადამიანი. ისრაელი თავს იმართლებს იმით, რომ ეს იძულებითი ღონისძიება იყო, იმიტომ რომ ჯარიკაცების ლინჩის წესით გასამართლება უნდოდათ.
ამის მიუხედავად, თელ-ავივის ქმედებების მხარდაჭერა არავის უფიქრია. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა, რომ შოკირებულია მომხდარით. პალესტინის ავტონომიის ადმინისტრაცია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევას გულისხმობს. ისრაელიდან გამოწვეულია თურქეთის ელჩი.
ისრაელის ტერიტორიულ წყლებში დრამა დღეს დილიდან ვითარდებოდა. გამთენიისას ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებმა სამშვიდობოთა ფლოტილია ბლოკადაში მოაქციეს. ეს ფლოტილია ღაზას სექტორის ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. გემებს შეჩერება შესთავაზეს. ისრაელის მთავრობისა და სპეცსამსახურების გეგმა ასეთი იყო: გაეცილებინათ გემი აშდოტის პორტამდე, სადაც უნდა მომხდარიყო მისი შემოწმება და გარკვევა იმისა, იყო თუ არა ამ გემებზე იარაღი. იმ შემთხვევაში, თუკი ტვირთი მართლაც ჰუმანიტარული ხასიათისა იქნებოდა, ტვირთს ღაზას სექტორში სახმელეთო გზით გადაიტანდნენ. ხოლო თავად სამშვიდობოებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გემებზე იყო სამშენებლო მასალა და მედიკამენტები საჰაერო გზით დეპოტრს გაუკეთებდნენ.
სულ ექვს გემზე იყო რამდენიმე ათეული ტონა ჰუმანიტარული ტვირთი და 500-ზე მეტი სამშვიდობო. მაგრამ სამშვიდობო ფლოტილიის გემებმა უარი განაცხადეს ისრაელის სამხედრო მეზღვაურებს დამორჩილებოდნენ. ამის შემდეგ გემებზე ვერტმფრენიდან დესანტი გადასხეს. ისრაელის ჯარისკაცებს ჯოხებითა და დანებით დახვდნენ, საპასუხოდ კი ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად სხვა და სხვა მონაცემებით დაღუპულია 10 დან 20 მდე სამშვიდობო, 60 მდე დაჭრილია, რამდენიმე კი პარალიტიკური გაზითაა მოწამლული.
"სამწუხაროდ, გემების მგზავრები უკიდურესად აგრესიულად იქცეოდნენ ჩვენი სამხედროების მისამართით, ისინი მათ ლინჩის წესით ჩაქოლვას ცდილობდნენ. ყველაფერი დაგეგმილი იყო. მათ ჰქონდათ სხვა და სხვა სახის იარაღი და ჩვენი ჯარისკაცების მიმართ ცეცხლი გახსნეს. გამოიყენებოდა ასევე ცივი იარაღი. ჩვენი მხრიდან დაჭრილია 6 ჯარისკაცი. ვხედავთ, რომ მათი მიზანი არა ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა, არამედ ჩვენს სამხედროებზე თავდასხმა იყო", _ განაცხადა ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ავიტალ ლიბოვიცმა.
გემები კი რომლებიც ღაზას სექტორში სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს მხრიდან შევიდნენ _ ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, ორი გემი თურქეთიდან _ ამჟამად დაპატიმრებულნი არიან და მათი ტვირთის აშდოტის პორტში ჩამოცლა ხდება.
"გემებზე თავდასხმას უდიდეს დანაშაულად და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად მივიჩნევთ. დაიღუპა ძალიან ბევრი ხალხი, რომლებსაც ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდათ და კარგია რომ ეს მთელი მსოფლიოსათვის გახდა ცნობილი. ამ გმირების თავდადების გამო მთელმა მსოფლიომ გაიგო პალესტინის ოკუპაციის შესახებ, მიუხედავად ისრაელის განცხადებებისა", _ განაცხადა "ჰამასის" წარმომადგენელმა სამი აბუ ზუხრიმ.
ამასთან ერთად, ევროკავშირმა ისრაელის ხელისუფლებიდან უკვე მოითხოვა ხმელთაშუა ზღვაში მომხდარი ინციდენტის სრულმასშტაბიანი გამოძიება. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის თქმით, ევროკავშირისათვის ისრაელის პოლიტიკა, რომელიც ღაზას სექტორის ბლოკადას გულისხმობს მიუღებელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ასევე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთისა და ირანის წარმომადგენლებმა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა ნოტა, რომელშიც აცხადებს, რომ მშესაძლოა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდეს. თეთრ სახლში კი განაცხადეს, რომ წუხან იმის გამო, რომ ხმელთაშუა ზღვაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
სტამბულში ისრაელის საელჩოს წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ღაზას სექტორში ისრაელის პოლიტიკას აკრიტიკებენ. აქციებია იორდანიის დედაქალაქ ამანშიც. მომიტინგეები მთავრობის მიერ ისრაელთან წარმოებული პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ.