GFK-ს კვლევის დალუქული მონაცემები ნოტარიუსმა ჟურნალისტებთან ერთად გახსნა.
ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ "თავისუფალი ზონის" ყოფილ წევრ ბესო კალაძისგან მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ აყალბებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" და კომპანია GFK.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა რამიშვილმა განაცხადა, ბესო კალაძეს ხელში ჰქონდა ორი დოკუმენტი, ორი მონაცემი, კვლევის ის მონაცემები, რომელიც მაშინ ჯერ არავინ არ იცოდა "ბისიჯისა" და GFK-ს გარდა, ხოლო მეორე იყო რეალური დათვლა.
"მე ვურჩიე კალაძეს, თავი შეეკავებინა ამ დოკუმენტების გამოქვეყნებისგან და დაეცადა, დაემთხვეოდა თუ არა ეს მონაცემები გავრცეელებულს. ეს მონაცემები, ჩემი რჩევით, კალაძემ ნოტარიუსთან დაამოწმა და შეინახა. ჩვენ აქედან ყველანი წავალთ ნოტარიუსებთან და გავხსნით იმ მონაცემებს ერთად",-აღნიშნა შალვა რამიშვილმა
GFK-ს კვლევის მონაცემების მიხედვით, რომელიც ნოტარიუსთან იყო დალუქული და დღეს გაიხსნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 12,5 პროცენტი აქვს და არა 26 პროცენტი, როგორც ეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განაცხადა.
„ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კი ნოტარიუსთან დალუქული და“რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა და 25,4 პროცენტს შეადგენს.
როგორც შალვა რამიშვილმა აღნიშნა, ის აპირებს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისვლას, სადაც შეიტანს განცხადებას.
„კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში შევიტან განცხადებას, რომ მოახდინონ რეაგირება. არსებობს მეორე ნოტარიუსთან ნანა ბაკურაძესთან შენახული „ფლეშ“ მეხსიერების ბარათი, სადაც არის ველი კვლევის. ამასაც გადავცემთ კომპეტენტურ პირებს, უნდა დამთავრდეს ინსინუაციები კვლევებთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა რამიშვილმა.