დაპირისპირება მოხდა დღეს ფოთში, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის შენობასთან, სადაც ბიზნესმენი ვალერი შიოლაშვილი აღნიშნული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბექა ბასილაიას წინაღმდეგ საგანგებო განცხადებას აკეთებდა.
ბიზნესმენი ბასილაიას სისხლის სამართლის დანაშაულში სდებს ბრალს. მისი თქმით, ბექა ბასილაია უშუალოდ მონაწილეობდა მისთვის ბიზნესის წართმევის პროცესში. როგორც ის აცხადებს, ფოთში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი იმ წლებში პროკურატურის თანამშრომელი იყო და ბიზნესმენზე ზეწოლის მომენტში შუამავლის როლს ასრულებდა, რასაც მისთვის ბექა ბასილაიას მიერ გაგზავნილი მესიჯები და სხვა ფაქტები ადასტურებს.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ წლების წინ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მაღალჩინოსანთა მუქარებს მისი ოჯახის წინააღმდეგ სწორედ ბექა ბასილაია აჟღერებდა.
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა ქალბატონებმა შიოლაშვილი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.