ლაგოდეხსა და ყვარელში პარტია „ქართული ოცნება-დამოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურამ მაჭარაშვილმა ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში, გადაცემა „კვირის თემაში“, წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.
მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა მაჟორიტარის მხრიდან უფრო აქტიურ კომუნიკაციას ითხოვს.
„კამპანიის განმავლობაში ლაგოდეხისა და ყვარლის მასშტაბით 120-ზე მეტი შეხვედრა მქონდა მოქალაქეებთან. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მაჟორიტარის ყურადღება და მათთან ხშირი კომუნიკაციაა. თავის მხრივ, კომუნიკაცია და მათ მიერ დაყენებული პრობლემები, ამ პრობლემების გადაწყვეტის რეალურ შესაძლებლობას მოგვცემს. შიდა ქართლში, გუბერნატორის მოადგილედ მუშაობის დროს, ხშირად მიწევდა ლაგოდეხის და ყვარლის მოსახლეობის მსგავსი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა და ამჯერად უკვე ჩემს მშობლიურ მხარეს გავუწევ მოქალაქეებს დახმარებას“,-აღნიშნა მაჭარაშვილმა. გარდა ამისა, გურამ მაჭარაშვილმა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების საკითხზეც ისაუბრა. „ჩვენ ტურიზმის მიმართულებით კონკრეტული გეგმა გვაქვს. რა თქმა უნდა, ტურიზმი შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განვითარდება, ამიტომ ამ მიმართულების გაძლიერებისთვის გაგრძელდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის საკითხს. მისი თქმით, მოსავლის ექსპორტთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების დონეზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„მთავრობამ გადადგა ნაბიჯი ახალი ბაზრების ასათვისებლად. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მეწარმეებს, რომლებიც ფერმერებისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენენ, შემდგომ ამ პროდუქციის ექსპორტის მიზნით. ვიცით, რომ ხელისუფლებამ ჩინეთის მთავრობასთან დადო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც იანვრის თვიდან შეგვეძლება ჩინეთში ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმში სარეალიზაციოდ შევიდეს ქართული პროდუქცია, რაც მეწარმეებისგან ფერმერთა პროდუქციის შეძენის და მისი რეალიზაციის წინაპირობად იქნება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.