ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს და მხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისის, აგრეთვე სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ შეფასებებსა და დასკვნებს. რომლის მიხედვითაც, საქართველომ ეს არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, შესამჩნევლად უკეთ ჩაატარა. შესაბამის განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახეზეა საგრძნობი პროგრესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით. თუმცა იმავე განცხადებაში საუბარი დარღვევებზედაცაა.
"აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფებმა დააფიქსირეს, რომ გაუმჯობესდა არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების ტექნიკური მხარე, თუმცა დაფიქსირდა დარღვევებიც კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს ცალკეულ საარჩევნო უბნებში", - ნათქვამია განაცხადებაში.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში დადებითადაა შეფასებული ცესკოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობა. საელჩო სურვილს გამოთქვამს იმუშაოს საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან იმ გამოწვევებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად რომლის შესახებაც წინასაარცევნო კამპანიის დროს საუბრობდნენ.
"ვაფასებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაბიჯებს, რომელიც მეტი გამჭვირვალობისა და საარჩევნო დარღვევებზე რეაგირებისკენაა გადადგმული. შევნიშნავთ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის მზადყოფნას, არჩევნებთნ დაკავშირებული საკითხები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განიხილოს. ამავე დროს, აშშ-ის საელჩო ითვალისწინებს, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ვრცელდებოდა ცნობები ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის არასათანადო მიუკერძოებლობით გაშუქების, ოპოზიციის წარმომადგენელთა და კანდიდატთა დაშინებისა და ამომრჩეველთა სიებში დაფიქსირებული უზუსტობების შესახებ.
მოუთმენლად ველით მუშაობის გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ამ გამოწვევებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. არჩევნების უკეთ ადმინისტრირება და საარჩევნო კლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაში. წარმატებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს და საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს შესაძლებელს გახდის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლება მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და დემოკრატიულად გადააბაროს", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩომ თბილისსა და მთელ საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად 19 ჯგუფი მიავლინა. საელჩომ დამატებით კიდევ სამი სადამკვირვებლო ჯგუფი შექმნა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისის სადამკვირვებლო მისიის მხარდასაჭერად.