„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს, სოფლების ყიტაანისა და ვეჯინის მოსახლეობას შეხვდა, მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და კითხვებს უპასუხა.
გურჯაანის აგრარულ ბაზარში საუბრის ძირითადი თემა ბაზრის რეკონსტრუქცია იყო. მოვაჭრეების თქმით, ბაზრის ტერიტორიას განახლება სჭირდება.
ყიტაანში, ეთნიკური ოსებით დასახლებულ სოფელში, დავით სონღულაშვილმა პარტიის საარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრა - სოფლის მეურნეობის განვითარება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.
„როგორც დეპუტატი, აქტიურად დავიცავ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს. საქართველო უნდა იყოს ის ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობს“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ვეჯინში ამომრჩევლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები ეხებოდა ინფრასტრუქტურის განვითარებას,წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის კულტურის სახლში გამართულ ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტსაც დაესწრო, რომელიც ცნობილი ლოტბარის, გურჯაანის მკვიდრის, როსტომ საგინაშვილის პატივსაცემად გაიმართა.