ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი გოგლიჩიძემ წინა ხელისუფლების მმართველობა გააპროტესტა და პარტიის ოფისის შესასვლელთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გამოსახულებით პლაკატები გააკრა წარწერით - „არ გახდე მსხვერპლი“.
გიორგი გოგლიჩიძის თქმით, აღნიშნული აქციით საზოგადოებას მოუწოდებს, არჩევნებში მხარი არ დაუჭიროს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაჟორიტარობის კანდიდატებმა კი საკუთარი კანდიდატურები მოხსნან.
მისივე თქმით, საბუთების გაყალბების ბრალდებით 2011 წლის ნოემბერში დააკავეს, თუმცა დაკავება რეალურად პოლიტიკური მოტივით განმხორციელდა, რადგან ზესტაფონში "ლეიბორისტული პარტიის" წევრი იყო. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კი, ძალადობისა და დაუდგენელი პრეპარატების იძულებით მიღების გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
ყოფილი პოლიტპატიმრის აქციას გამოეხმაურნენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ . პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლაშა დამენიას თქმით, მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს.