თელავსა და ყვარელში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. მორიგი შეხვედრა სესიაშვილმა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს, კერძოდ, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, უნივერსიტეტებში დაიწყო პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება და 21 ფაკულტეტი უფასო გახდა. ასევე, იგეგმება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებაზე. ახალგაზრდა, რომელსაც სურს, მიიღოს პროფესიული განათლება, სახელმწიფოსგან მიიღებს ვაუჩერს, რომლითაც შეძლებს შესაბამისი განათლების მიღებას. გარდა ამისა, სესიაშვილმა სტუდენტებთან ისაუბრა ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
"ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს მომავალ თაობას. სულ მალე თელავში დაიწყება სპორტკომპლექსის მშენებლობა. სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა და ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
მოგვიანებით, ირაკლი სესიაშვილის მხარდასაჭერად თელავში ღონსიძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, „ქართული ხმები“, ანსამბლი „შვიდკაცა“, „ალილო“, სოფო ბედია, ანსამბლი „წინანდალი“, დათუნა სირბილაძე, ნათია ქოროღლიშვილი, დავით როსტომაშვილი და სხვები.
--