პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები ბიზნეს სექტორის, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან და გურჯაანის მოსახლეობასთან გამართა.
პირველი შეხვედრა მუნიციპალიტეტის ფერმერებთან და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართა. ძირითადი სასაუბრო თემა ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იყო. ადგილობრივ ბიზნესმენებს აინტერესებდათ, თუ რა გეგმები აქვს „ქართული ოცნებას“ მომავალში, რა პროგრამების განხორციელებას აპირებს და რა კონკრეტული სამოქმედო გეგმაა დასახული ბიზნესის ხელშესაწყობად.
„დღეს, ბიზნესის განსავითარებლად უამრავი შესაძლებლობაა. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს შექმნას ხელშემწყობი გარემო და გააუმჯობესოს საინვეტიციო კლიმატი. მთავარია, ჩვენ არ დაგვეზაროს შრომა. სწორედ მეწარმეებმა უნდა დაამარცხონ სიღარიბე, დაასაქმონ მეტი ადამიანი და ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები მოსახლეობის საკეთილდრეოდ გამოიყენონ. მე ყველანაირად დაგიდგებით გვერდში და შეგიწყობთ ხელს პრობლემების მოგვარებაში“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა
ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ დავით სონღულაშვილმა, სოფელ ზეგაანში მდებარე „შატო ზეგაანი“ მოინახულა. მან დაათვალიერა ახლადგახსნილი კომპლექსი და მიიღო დეტალური ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ.
„შატო ზეგაანი“ აწარმოებს ღვინოს „მუკუზანს“, რომელიც საქართველოსა და უცხოეთის ღვინის მაღაზიებში იყიდება. შატოში არის მცირე ქარხანა, რომელიც დაახლოებით 200 ტონა ყურძენს ამუშავებს სეზონზე.
გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში დავით სონღულაშვილი მუნიციპალიტეტის კულტურის მუშაკებს შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლების თქმით, მთავარი პრობლემა ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი საქმიანობის წარმოებისთვის ხელისშემწყობი პირობების არარსებობა, სპორტული ინვენტარის უქონლობა და მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებში არსებული მოძველებული ინსტრუმენტებია. მათი აზრით, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს კულტურის და სპორტის სფეროს განვითარებისთვის.
დავით სონღულაშვილმა დღის ბოლოს, გურჯაანის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სახელმწიფო სტატუსის მიღებიდან 25 წლისთავის აღმნიშვნელ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ვაშლების უბნის მოსახლეობას შეხვდა.