"მერის არჩევნები თბილისში იქნება მხოლოდ პრელუდია იმისა, რომ ქვეყანაში ცვლილებები იქნება. თბილისის მერი გიგი უგულავა შესაძლოა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილის მემკვიდრე გახდეს", _ აცხადებს გაზეთ "კომერსანტთან" საუბარში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე კარავაევი და საქართველოში ჩატარებულ მერის პირდაპირ არჩევნებზე საუბრობს.
კარავაევის თქმით, სამხრეთ კავკასიაში მერის პირდაპირი არჩევნები _ ახალი მოვლენაა. ბაქოში მერი პრეზიდენტის მიერ ინიშნება, ერევანში მას ირჩევენ, მაგრამ საქალაქო პარლამენტის შიგნით გამარჯვებული პარტიის რიცხვიდან. კარავაევი ასევე აღნიშნავს, რომ 2005 წლამდე თბილისის მერი პირდაპირი კენჭისყრით ირჩეოდა, თუმცა ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ ეს განაწესი შეცვალა და კენჭისყრის პროცედურა საქალაქო საკრებულოში გადაანაცვლა.
"თუმცა თბილისში მერის არჩევითობის დაბრუნება ეს დემოკრატიული მიღწევის გამოვლინება როდია. ეს უბრალოდ, სააკაშვილის დათმობაა ოპოზიციასთან, რომელზეც იგი 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ წავიდა.
სააკაშვილის წინაშე ხელისუფლების გადაცემის ამოცანა დგას და ეს პროცედურა დემოკრატიული ნორმების დაცვით უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა შეიცვალოს კურსი და უნდა შენარჩუნდეს მისი უზარმაზარი გავლენა", _ აცხადებს კარავაევი და იქვე აღნიშნავს, რომ ტყუილად როდი განიხილება თბილისში სცენარი, რომელიც რუსული ტანდემის სცენარს გავს: სააკაშვილის პრემიერის პოსტზე გადასვლა. ამასთან დაკავშირებით საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის ვარიანტსაც განიხილავენ.
"მერის არჩევნების ჩატარების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა შესთავაზონ რეფერენდუმი კონსტიტუციის ახალ პროექტზე, რომელიც პრემიერისა და პარლამენტის გავლენის გაზრდას შეეხება. ასევე განიხილება უნიტარული სახელმწიფოს წყობის ცვილების შესაძლებლობაც და შტატების სისტემის შექმნა _ ეს ნაბიჯი კი აუცილებლად ჰპოვებს მხარდაჭერას საქართველოს სომხურ და აზერბაიჯანულ რეგიონებში, ასევე აჭარაში და იქნება სიგნალი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის შესაძლო დაახლოების შესახებ. ყოველივე კი მოწოდებულია იმისათვის, რომ როგორმე გამოსწორდეს სააკაშვილის იერსახე, რომელიც ომის შემდეგ გაფუჭებულია", _ აცხადებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი ცენტრის დირექტორის მოადგილე.
მისივე მტკიცებით, ნებისმიერ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში საფუძვლიანად გამყარდა. მას აქვს მოსახლეობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაც.
"მის წარმატებებში კი შეიძლება შევიტანოთ სახელმწიფოებრივი მშენებლობა, მის დროს ქვეყანა იქცა თითქმის ერთადერთ წარმატებულ მაგალითად სადაც ებრძვიან კორუფციას და ლიბერალურ ეკონომიკური რეფორმების ვიტრინად იქცა. ქვეყნის ეკონომიკა უზრუნველყოფილია ინვესტიციებითა და ტრანშებით. საქართველოს ეხმარება თურქეთი და აზერბაიჯანი, იქ აგრძელებს მოქმედებას რუსული ბიზნესი, რომელსაც რიგ დარგებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს", _ აცხადებს კარავაევი და დასძენს _ "ასე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოწერა ჯერ კიდევ ნაადრევია".