,,ჩვენს საქართველოს დღეს ფეხზე დაყენება და შველა ისევ სჭირდება და მას 8 ოქტომბერს ისევ ვუშველით“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე.
,,ამ მთავრობის დამსახურება არაფერი არ არის. და იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს „ჩვენი საქართველო აქ არისო“, მათი არის მარტო დრონი და მათი გაღიმებული სახეები. იმ კლიპში ჩანს ჩვენი საქართველო, რომელსაც ღმერთმა ასე უხვად მისცა სილამაზე, ჩანს ჩვენი აშენებული გზები და ქალაქები. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, მე არ ვიცი, სადაა მთავრობის საქართველო, მაგრამ აქ ჩვენი საქართველოა, ის ქვეყანა, რომლის შენებაც დავიწყეთ 2004 წელს, სადაც არც გზა იყო, არც შუქი, არც პენსია... აი, ეს იყო 2004 წელს ჩვენი საქართველო და ის ჩვენ 2012 წლამდე ფეხზე დავაყენეთ. ამ ჩვენს საქართველოს დღეს ფეხზე დაყენება და შველა ისევ სჭირდება და მას 8 ოქტომბერს ისევ ვუშველით, ისევ ფეხზე დავაყენებთ და ისევ წინ წავიყვანთ. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების“, - მიმართა ბაქრაძემ მხარდამჭერებს.