ივანიშვილის ხელისუფლებისა ეს ისტერიკა არის ერთგვარი სასოწარკვეთის გამოხატულება, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია და სამართალდამცავი სტრუქტურები ქალაქ ზუგდიდში ”ნაციონალური მოძრაობის” დღეს დაგეგმილ წინასაარჩევნო აქციას ხელს უშლიან და ადამიანებს აქციაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
„დღეს ქალაქ ზუგდიდში არის დაგეგმილი ”ნაციონალური მოძრაობის” მრავალათასიანი წინასაარჩევნო აქცია, სადაც ჩვენი პარტიის ლიდერები მოქალაქეებს გააცნობენ ჩვენი პარტიის პროგრამას, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ეტყობა გუშინ ბათუმში გამართული მსგავსი მრავალათასიანი აქციით იმდენად შეშინებულია ივანიშვილის მავნებლური ხელისუფლება, რომ დღეს ზუგდიდიში პოლიცია, სამართალდამცავი სტქუქტურები, ყოველმხრივ აგრესიულად ხელს უშლიან ჩვენი პარტიის წევრებს აქციის ჩატარებაში. აჯარიმებენ მანქანებს, ადამიანებს არ აძლევენ აქციის გასამართ ადგილზე მისვლის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით შესაბამისი უწყება შეტანილი იყო ქალაქ ზუგდიდის მერიაში. ცხადია, ეს ნაბიჯი, ეს ისტერიკა ივანიშვილის ხელისუფლების, არის ერთგვარი სასოწარკვეთის გამოხატულება, გამოხატულება იმისა, რომ მათ გარდა მსგავსი უღირსი საქციელისა შესათავაზებელი ჩვენი ხალხისთვის აღარაფერი დარჩათ, რადგან მათ იციან, რომ ივანიშვილის არჩევნებში დამარცხება და ოპოზიციაში გადანაცვლება არის გარდაუვალი. მათ რანაირადაც არ უნდა შეგვიშალონ ხელი, ჩვენ დღევანდელ აქციასაც აუცილებლად ჩავტარებთ ქალაქ ზუგდიდში, არჩევნებშიც გავიმარჯვებთ და ქვეყანასაც გამოვიყვანთ ამ ღრმა კრიზისიდან შურისძიების გარეშე”, - განაცხადა კანდელაკმა.