პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მოვლენები დრამატულად არ განვითარდება. მისი თქმით, ცალკეული პრეტენზიები იქნება, თუმცა არა "ცუნამისა და ქარიშხალის" ხასიათის. ეს განცხადება ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, ეგზიტპოლების შედეგი მოსალოდნელი და ადვილად პროგნოზირებადი იყო.
"ეგზიტპოლების შედეგი ისეთია, როგორც მოსალოდნელი იყო. ის, რომ მერი უგულავა გახდებოდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო", - განაცხადა ცინცაძემ.
პოლიტოლოგი თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყების შესაძლებლობას გამორიცხავს. მისი თქმით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დამკვირვებლების პრინციპულობაზე და სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს შესაძლო პრეტენზიების არსებობა-არარსებობის ფაქტებს.
"არა მგონია, აქციებმა რაღაც დრამატული ფორმები მიიღოს. მე არ ველოდები დრამატიზმს, ქარიშხალსა და ცუნამს, ალბათ, მსგავსი რამ არ იქნება. დამარცხებული კანდიდატების მხრიდან პრეტენზიები იქნება, თუმცა რამდენად სამართლიანი იქნება ეს პრეტენზიები, ამას ვერ ვიტყვი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დამკვირვებლების პრინციპულობაზე, ეს ყოველთვის ქართული არჩევნების აქილევსის ქუსლი იყო და დამკვირვებლები მაინცდამაინც პრინციპულობით არსდროს გამოირჩეოდნენ. ყველაფერი 2-3 დღეში გაირკვევა", - განაცხადა ცინცაძემ.