საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მოაწერეს. დღესვე, მემორანდუმით თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.
"რამდენიმე დღის წინ გამოვეცი სპეციალური ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რომლის მიხედვითაც, რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელების მიერ შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და რისკების შეფასებას. ბრძანება ითვალისწინებს პოლიციელთა გადამზადებას არჩევნების დღეს როგორც მათი უფლებების უკეთ ცოდნას, ასევე არჩევნებში მონაწილე პირების უფლებების გაცნობას. სწორედ ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ცესკო-მ გააფორმეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას ურთიერთანამშრომლობით ხელი შევუწყოთ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვისა და ზოგადად, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას", -განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო კომისიის მიზანია, ამომრჩეველს დახვდეს კარგად ორგანიზებული არჩევნები.
„ცესკო-მ დამატებით შეიმუშავა სასწავლო მოდელი არჩევნებისა და უსაფრთხოების შესახებ. შსს-სა და ცესკო-ს თანამშრომლობის, ერთობლივი შეხვედრების შედეგად, შევიმუშავეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც ვადასტურებთ, რომ მზად ვართ უზრუნველყოთ ყველასთვის მშვიდი, გამჭვირვალე არჩევნები”,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.