,,მეამაყება, რომ გია ნუცუბიძე მამაჩემთან ერთად, იცავდა ჩვენს სამშობლოს აფხაზეთში რუსული აგრესიის დროს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მდებარე ალეაში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც პარტიის ლიდერმა ვაკის მე-3 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ნუცუბიძე წარადგინა.
,,ვინც არ იცნობს გია ნუცუბიძეს, მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე დაეყრდნოთ. ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ არ ვართ განებივრებულები ისეთი დაპუტატებით, რომლის სიტყვასაც შეგვიძლია ვენდოთ. ამ მხრივ, გია ნუცუბიძე არის სამაგალითო. მეამაყება ის, რომ იგი მეგობრობდა მამაჩემთან და იცავდა ჩვენს სამშობლოს აფხაზეთში რუსული აგრესიის დროს. გიორგი ნუცუბიძემ თავის თავზე გადაიტანა ის საშინელი რეჟიმი, რაც ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ იწვნია“ , – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ვაკის მაჯორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველს წარუდგინა, როგორც უტეხი და მტკიცე პიროვნება, რომელიც არ დაიხევს უკან თავისი ამომრჩევლის პრობლემების მოგვარებისას პარლამენტში. იქნება შეუპოვარი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მისი რაიონის პრობლემების მოგვარებასა და გაკონტროლების საკითხში.
,,მეამაყება, რომ გია ნუცუბიძისნაირმა პიროვნებამ გადაწყვიტა „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოსვლა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამომრჩეველს სიტყვით მიმართა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ნუცუბიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ყველაზე დიდი მიზანი ღირსეული ცხოვრება და იმ უიმედობის დაძლევაა მოსახლეობაში, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელი რეალობაა. ,, მე თქვენი უბნელი ვარ, აქედან წასვლას არსად ვაპირებ. კვირაში 7 დღე და 24 საათი თვალებში უნდა გიყუროთ. გპირდებით, მობილურ ტელეფონს არ გავთიშავ და ყოველთვის ვიდგები თქვენთან ერთად ყველა პრობლემის გადაწყვეტის დროს“, – განაცხადა გიორგი ნუცუბიძემ.