,,რესპუბლიკური პარტიისთვის” სამართლიანი და უსაფრთხო არჩევნები ყოველთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც პარტია არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმების თაობაზე პრემიერის შეთავაზებას ეხმაურება.
”ჩვენ ყველა მსგავს ინიციატივას შევუერთდით წარსულში და მომავალშიც დავუჭერთ მხარს, მიუხედევად იმისა, ვინ არის ინიციატორი ან ხელმომწერი. რეალობა გვანახებს ვინ არის ამ პრინციპების ერთგული და ვისთვისაა ეს ერთდღიანი პიარაქცია. თუმცა ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას აკისრია”, - აცხადებენ ”რესპუბლიკურ პარტიაში”.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს. მისი წინადადებით, იმ ადგილზე, სადაც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების ამომრჩევლებთან შეხვედრაა დაგეგმილი, არ მივიდნენ სხვა ძალების წევრები და მათი მხარდამჭერები.
”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ყველა საარჩევნო სუბიექტს შესთავაზა, შეუერთდნენ მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში.