8 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 11, ფიზიკური დაპირისპირების - 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 1, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის - 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის - 7, სააგიტაციო მასალების დაზიანების - 5 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 439 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ. ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის გააქტიურობასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. ანგარიშში მოყვანილ რიგ ფაქტებთან დაკავშირებით იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ასევე გამოვლინდა კამპანიისთვის ხელისშეშლისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისების დაზიანების შემთხვევები, რაც საფრთხის შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის. ამავე პერიოდში დაფიქისრდა სააგიტაციო მასალის დაზიანების შემთხვევები, რასაც კამპანიის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია.
ანგარიშის თანახმად, გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა ცესკო-ს მიერ რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის პრაქტიკაში. „ცენტრისტების“ სარეგისტრაციო დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ცესკო-მ არასაკმარისი და არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე დაარეგისტრირა პარტია. საჯარო რეესტრის მონაცემებით ვლინდება, რომ სავარაუდოდ კიდევ ერთი რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი არსებობს.
„ცალკე აღნიშვნას საჭიროებს ცესკო-ს 24 აგვისტოს დადგენილება, რომლის საფუძველზეც ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო ნომერი განსხვავებული საარჩევნო წესით მიენიჭა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ხარვეზებით წარიმართა საუბნო-საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტების პროცესი, რამაც საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრები წინასწარ არსებული სიების მიხედვით შეარჩიეს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ სიებში ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან“, - ნათქვამია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიან დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 68 დამკვირვებლით ახორციელებს.