“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.
ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ბორჯომში, ახალშენის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მან ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის განათლების რეფორმაზე.
,,სწორი,გლობალური პოლიტიკა განათლების სფეროში, დიდად განსაზღვრავს, დაიკავებს თუ არა საქართველო თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო ცივილიზაციაში.ამიტომ ჩვენ, ყველა უნდა ვზრუნავდეთ, რომ, რაც შეიძლება მალე გვქონდეს სათანადო განათლების სისტემა“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი ამჟერად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს- ყაურმას, ეშტიას, თორიასა და უჩმანას ესტუმრა. კანდიდატმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს, რადგან ხალხის მოლოდინი გაამართლოს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ ნაქურდევის, ხევაშენის , უნწის , ბენარის , შოლავერის , შოყას , ფხეროს , ზემო ენთელისა და ქვემო ენთელის სოფლების მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა.
კანდიდატმა რაიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„ ჩვენი მთავრობისთვის და ჩემთვის პრიორიტეტი იყო ყოველთვის მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის პირობების გაუმჯობესება. მე ვიცი ყველა თქვენი პრობლემა და ისიც, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა პროგრესის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური ძალა განაგრძობს მუშაობას მოსახლეობის კეთილდღეობისთვის’’, -განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ.