,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა ,,ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
,,მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანებს. ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სამშობლოსთვის იბრძვიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ომში მონაწილეებმა, მათმა შვილებმა და სრულიად საქართველომ უკეთეს ქალაქში და უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ“,- განაცხადა გიორგი ბეგაძემ.
დეპუტატობის კანდიდატებმა ომის მონაწილეებს გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც რუსთავის 29-ე და 30-ე ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატებმა განაცხადეს, სახელმწიფოს ომში მონაწილეთა დასახმარებლად არაერთი პროგრამა აქვს, თუმცა მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ისინი ვეტერანებს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას დაჰპირდნენ.
,,ომის ვეტერანებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, პირველ რიგში, ღირსების საქმეა და ამასთან ერთად, მომავალი თაობების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.
,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობასა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან.