„შერჩევა ზუსტად განხორციელდა და 90%-იანი სიზუსტით დადგა ის შედეგი, რაზეც „თავისუფალი დემოკრატები“ და ჩვენი საარჩევნო შტაბი ვსაუბრობდით - გადაცხადა ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. კერძოდ, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო-საარჩევნო კომისიაში დასანიშნი ე.წ „პროფესიული ნიშნით ასარჩევი წევრების“ შერჩევის პროცესი, სადაც ქართული ოცნების ცალკეული ლიდერები და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ“ - ეს განცხადება „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჩიქოვანის ინფორმაციით, თითოეული ადამიანი, რომელიც შეირჩა საუბნო-საარჩევნო კომისიაში, ქართული ოცნებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ინსტრუქციით მოხდა, ხოლო დანიშვნის შესახებ ინსტრუქცია საოლქო-საარჩევნო კომისიაში ქართული ოცნების წარმომადგენელმა გიგა ფარულავამ განახორციელა.
"თითოეული კომისიის წევრი, რომელიც შეირჩა საუბნო საარჩევნო კომისიაში, არის მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვისაც მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა. სხვა შემთხვევაში არც ერთი ადამიანი არ არის შერჩეული. ეს თვალნათლივ მიანიშნებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" დღეს იწყებს შექმნას ისეთი გარემო, რომელიც იქნება მისთვის სახარბიელო. მე მოვუწოდებ ყველა ოლქს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ჩემს კოლეგებსაც, ჩაატარონ ანალოგიური ანალიზი და ნახონ თუ ვინ არის შერჩეული საუბნო-საარჩევნო კომისიებში" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც უცხოეთში ან სამხედრო-შეიარაღებულ ძალებში იმყოფებიან, რათა მოხდეს მათი მობილიზება „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი შედეგის მისაღწევად.
„მე პირადად მაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს იმ ადამიანებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, ასევე სამხედრო-შეიარაღებულ ძალებში ან გასამხედროებულ უწყებებში მყოფი პირების იდენტიფიცირება, რათა მოხდეს მათი საშუალებით არჩევნების შედეგების მანიპულირება. ამას ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები არ დავუშვებთ.“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე.
„თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია ზუგდიდში მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დიპლომატიურ კორპუსს გადაეგზავნება და დასძინა, რომ მუშაობა არ დასრულებულა და მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით.
„როგორც ნაციონალურ მოძრაობას არ ჰქონდა უფლება, ისე არც ქართულ ოცნებას არ აქვს და არც მომავალში უნდა ჰქონდეს უფლება მოპაროს ქართველ ხალხს საკუთარი არჩევანი“ - განაცხადა „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.