„მოსახლეობასთან შეხვედრები საშუალებას გვაძლევს პრობლემების სწორი იდენთიფიცირება მოვახდინოთ, რათა შემდგომში მის კომპლექსურ მოგვარებაზე ვიმუშავოთ“,- „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა ამომრჩეველთან მორიგი შეხვედრა სოფელ კიანეთში, ჯავშანიანში,ქვეშში, მუშევანსა და საბერეთში გამართა.
გოგი მეშველიანმა მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლებში მოგვარდა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, აშენდა და მოწესრიგდა რიტუალების სახლები, სოფელ საბერეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა გზას.
„საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჰყავს, რომლის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ღიაობაა.დღეს, ხალხი მთავრობის ლეგიტიმაციის რეალური წყაროა. ჩვენი ამოცანაა სოფლად გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ადგილზე მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები. განვავითაროთ სოფლის მეურნეობის სექტორი და ამ სფეროში დასაქმებული მოსახლეობის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, განვახორციელეთ ადგილობრივი მნიშვნელობის სარწყავი არხების გაწმენდა- გაფართოების ღონისძიებები. 2012 წლიდან დღემდე, ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 18 სარეაბილიტაციო პროექტი.შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 24 500 ჰექტრიდან 43 500 ჰექტრამდეა გაზრდილი. დღეისათვის ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ობიექტის 6,ხოლო საქართველოს მასშტაბით 24 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სავალან მირზოევი. ამჯერად იგი სოფელ ვახტანგისის მოსახლეობას შეხვდა და სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა C ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობასა და საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. სავალან მირზოევმა ამომრჩეველს ინფორმაცია მიწების რეგისტრაციის გამარტივებული კანონის შესახებაც მიაწოდა და ამ საკითხის გარშემო, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.