საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა 17 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიუროზე შესულია რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც კომიტეტებს უნდა გადაეცეს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება და შემდეგ სხდომას გავმართავთ, შევეცდებით ყოველ შემთხვევაში, ოთხშაბათს, 15:00 საათზე. შემოსულია მოქალაქეების ინიციატივა კანონპროექტის შემოტანისთვის ხელმოწერების შეგროვებაზე და შემოსულია ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებაზე. ამ საკითხების განხილვა, ჩვენი კანონებით, დადგენილია გარკვეულ ვადაში. სამწუხაროდ, ეს ვადა ირღვევა, მაგრამ მეც და ჩემი კოლეგებიც შევეცდებით, ოთხშაბათს მაინც ჩავატაროთ სხდომა და მივიღოთ გადაწყვეტილებები”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას მისი მეშვეობით მიეწოდა, მნიშვნელოვანია.
„ეს არის საჭირო ინიციატივა. კონსტიტუციის პრეამბულაში იმის ჩაწერა და ერთხელ და სამუდამოდ იმის გადაწყვეტა, რომ ქართველი ხალხი, ქართველი ერი, ისწრაფვის ევროპული და ევროატლანტიკური თანამშრომლობის და უსაფრთხოების სისტემებში სრულფასოვანი ადგილის დამკვიდრებისთვის დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდში, არ არის ჩემი მოგონება, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, გამოხატული ბევრ არჩევნებში, ბევრ გამოკითხვაში. ეს საკითხი ჩვენ, პარლამენტში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ერთი თვის წინ, საჯარო დეკლარაციით დავადასტურეთ კიდევ ერთხელ”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.