დღეს, 23 ივლისს, შესრულდა ქართული რეფლექტორის ღია კოსმოსურ სივრცეში გატანის 17 წლისთავი.
1999 წლის 23 ივლისს ღია კოსმოსურ სივრცეში გავიდა ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი _ "რეფლექტორი". ორბიტალურ სადგურზე, მიუხედავად ადგილობრივი რთული პირობებისა და არასაშტატო ვითარებისა, კოსმოსური ობიექტის გამოცდა წარმატებით წარიმართა. იგი მთლიანად გაიშალა, მიაღწია საექსპლოატაციო პარამეტრებს და სრულად დააკმაყოფილა პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
28 ივლისს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ჩამოსცილდა კოსმოსურ სადგურს და გადავიდა დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე.
აღნიშნულ ფაქტს ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა: საქართველოსთვის ის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახდა, ხოლო საერთაშორისო არენაზე ყველა კოსმოსურმა სააგენტომ და ენციკლოპედიურმა გამოცემებმა ეს ფაქტი აღიარეს, როგორც ახალი ტექნოლოგიების დასაწყისი კოსმონავტიკაში. 1999 წლის 23 ივლისი შეტანილია მსოფლიო კოსმონავტიკის უმნიშვნელოვანეს ქრონიკათა ჩამონათვალში.
ქართული რეფლექტორი აღიარებულია, როგორც ევროპული კონსტრუქცია, ხოლო ყოველი წლის 23 ივლისი, პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოში აღინიშნება, როგორც "პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე".