საქართველოში 3 მილიონ 513 ათას 260 ამომრჩეველია. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საარჩევნო ადმინისტრაციას გადასცა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს, 15 ივლისს ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ცესკოში გამართულ შეხვედრაზე, თამარ ჟვანიას მონაცემების ელექტრონული ვერსია იუსტიციიის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადასცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა სამხარაძე და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. შეხვედრის მონაწილეებმა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემების შესახებ იმსჯელეს. სააგენტომ ცესკოს 3, 513, 260 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები გადასცა. ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა ერთიან სიას.
როგორც შეხვედრის ბოლოს თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია კომპიუტერულად და საარჩევნო უბნების მიხედვით დაამუშავებს მოწოდებულ მონაცემებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ცესკოს ინიციატივაზე - „ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება და საინიციატივო ჯგუფებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, მიიღონ იმ ოლქის ამომრჩეველთა სიები, სადაც ეს საინიციატივო ჯგუფები არიან დარეგისტრირებული. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამომრჩეველთა სიების გამჭვირვალობისკენ, რაც ხელს უწყობს სანდოობას,“ - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და კომპიუტერული დამუშავების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის, მე-5 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები) საარჩევნო ადმინისტრაციას წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ (1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს) საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს.
უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა (საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლი).
მონაცემების ხელახალი დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).