შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზური მხარე გამორიცხავს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის ქართული მხარისათვის გადმოცემას. მისი ინფორმაციით, რაშიდ კანჯიოღლის შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული და გამოძიების პროცესი მიმდინარეობს.
„გუშინ ჩატარდა საკმაოდ სასარგებლო შეხვედრა, იყო ხანგრძლივი - ოთხსაათიანი შეხვედრა ჩატარდა გალში, ქართულმა მხარემ შეხვედრის ფარგლებში გადასცა დამატებითი ინფორმაცია, რაც გამოძიებას გამოადგება და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ნელა, მაგრამ გამოძიების პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ გამოძიება შეიძლება შეჩერდეს, შეფერხდეს, ან დაიფაროს.
მისივე თქმით, ქართული მხარის მიერ ბრალდებულის გადმოცემის საკითხი დააყენეს, თუმცა აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა.
„25 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილია დაკავებული, ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, არის მოწოდება, რომ მოხდეს გადმოცემა, მეორე მხრივ, მე, როგორც ამ სფეროში ჩახედულ ადამიანს, არ მაქვს ილუზიები და არც თქვენ მინდა გამოგკვებოთ დიდი ილუზიებით, რომ თითქოს და ეს შეიძლება მოხდეს, ჩვენი მხრიდან იყო ეს შეთავაზება და წინადადება, მაგრამ როგორც ჩემთვის მკაფიოდ ცნობილია, აფხაზური მხარის მხრიდანაც იყო პასუხი, რომ ეს გამორიცხულია და ისინი აპირებენ, თავად განახორციელონ გამოძიება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.