საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია, როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი განმარტებით, მემორანდუმი ქმნის გაღრმავებული პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს.
„აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც გააღრმავებს საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოების მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად, უფრო მეტ ქართველ სტუდენტსა და მკვლევარს შეეძლება, გახდეს პროგრამის სტიპენდიანტი. განვიხილეთ USAID-ის ახალი პროექტი „ზრდა”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი ოკუპაციის ხაზთან სიახლოვეში, მიმდებარე რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყნის 5 რეგიონში შეიქმნება 2 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ვრცლად მიმოვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აშშ-ს ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვისაუბრეთ ასევე საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და მასში ამერიკული ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების ჩართულობაზე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.