საქართველო დღეს, უძველესი ერის ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე განაცხადა.
"ეს დღე ალბათ ყველაზე სათაყვანოა ყველა ქართველისთვის, იმიტომ რომ თავისუფლების მოყვარე ერისთვის არაფერი არ არსებობს უფრო ძვირფასი, სათაყვანებელი და სათუთი, ვიდრე სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. მით უმეტეს იმ ერისთვის, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში არსებობისთვის იბრძვის, რომელმაც გაუძლო ბევრ განსაცდელს და მსოფლიო იმპერიების შემოტევას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ხშირად საქართველოს ოკუპაცია ასეულობით და ათეულობით წლის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა, საქართველო არ გატყდა და ისევ არსებობს გაუტეხელი და შეუდრეკელი ქართველი ერი.
"მსოფლიოში ძალიან ცოტა მეგულება ერი, რომელსაც მსგავსი გამოცდილება აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლისა, როგორც ჩვენ, ქართველ ერს. თუ რომელიმე ერს ესმის დამოუკიდებლობის ფასი, პირველ რიგში, ეს არის ქართველი ერი", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ქართველებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენს თაობებს დიდი პრივილეგია ერგო წილად, რადგან ჩვენ ვხცოვრობთ დროში, როცა საქართველო დამოიკიდებელია.