1993 წლის 2 ივლისს, დილით, 05:00 საათზე დაბა ტამიშთან რუსულ-აფხაზურ-ჩრდილოკავკასიურმა შენაერთებმა წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია, რომლის საბოლოო მიზანი სოხუმის აღება იყო... შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა...
პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
1993 წლის 1 ივლისს ტამიშთან სოხუმსა და გუმისთაზე მდგარ ქართველთა რიგები შეთხელებული იყო, ვინაიდან ქართული შენაერთების დიდი ნაწილი რამდენიმე დღით შინ იყო გაშვებული, 20 მაისის ხელშეკრულების თანახმად, გაყვანილი იყო ჯარები ოჩამჩირიდანაც. ორი თვეა, სიმშვიდე იყო 33-კილომეტრიან საზღვაო ზოლზეც, რომელსაც "მხედრიონი" ამაგრებდა.
1993 წლის 2 ივლისს, გამთენიისას, 5 საათზე, სოფელ ტამიშთან, საზღვაო ზოლის მონაკვეთში გემი შენიშნეს.
გემის წარმომავლობაზე ინფორმაცია ოჩამჩირის რუსულ პორტში გადაამოწმეს. რუსებმა - ეს ბათუმში მიმავალი მშრალი ტვირთის გემი "გელენჯიკია", რომელსაც გზაში რაღაც დაუზიანდა და ამიტომ ცდილობს ნაპირთან მოდგომასო. ამასობაში ზღვაში კიდევ სამი პატარა ხომალდი გამოჩნდა. ვინაიდან დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ პრიმორსკიდან მრავალრიცხოვანი დესანტის გადმოსვლა იგეგმებოდა, ქართულმა მხარემ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. სამი ხომალდიდან ერთი ჩაიძირა. ერთი უკან დაბრუნდა, მესამემ კი მაინც მოახერხა ნაპირზე დესანტის გადმოსხმა. რუსულ-აფხაზურ-ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მონაწილეობით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის საბოლოო მიზანი სოხუმის აღება იყო.
რუსი ჟურნალისტი ევგენი კრუტიკოვი თავის მოგონებებში ტამიშში მებრძოლ ქართველ მოხალისეებს ფანატიკოსებად მოიხსენიებს, რომლებიც, მისი თქმით, მობილურ ჯგუფებზე სახიფათონი არიან.
„მხედრიონმა და ფანატიკოსმა-მოხალისეებმა დესანტში შემავალ ოსურ-ყაბარდულ დანაყოფს შეუტიეს, ამ დარტყმით მათ ორი ქართული ბრიგადისთვის გზა უნდა გაეთავისუფლებინათ, რომლებიც სოხუმში მყოფი მეოთხე საარმიო კორპუსის დასახმარებლად მიემართებოდნენ. იდეური მოხალისეები მობილურ ჯარისკაცებზე უფრო საშიშნი არიან ხოლმე",_ წერს თავის მოგონებებში კრუტიკოვი.
დესანტი რუსეთის დროშებით არ ომობდა, თუმცა დაპირისპირებულ მხარეს დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ამ შეტევაში სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად დანაკარგი განიცადეს „შავნაბადას ბატალიონმა" და „ავაზამ".
ჯერ კიდევ მარტში, ამავე თვეშივე სოხუმზე მიტანილი წარუმატებელი იერიშის შემდეგ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ დახმარებისთვის მოსკოვს მიმართა.
14 მაისს რუსეთის შუმავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. აფხაზეთში რუსეთსა და ჩრდილოკავკასიიდან ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შემოყვანა ახალი ძალით განახლდა. ამ ორი თვის განმავლობაში აფხაზეთში შედარებითი სიმშვიდე იყო და მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა. სეპარატისტები ივლისში გააქტიურდნენ...
ტამიშის მუნიციპალიტეტში ბაზირებული ქართული ნაწილები სანაპირო ზოლის კონტროლს პრაქტიკულად არ ახორციელებდნენ. დესანტმა ამით ისარგებლა და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდა.
დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის კონტროლი დაიწყო.
ოჩამჩირეში დესანტის გადასხმა რუსების მიერ დამუშავებული საერთო გეგმის მხოლოდ ნაწილი იყო. თუ დესანტი საკუთარ ამოცანას შეასრულებდა, აფხაზები სოხუმის შტურმს დაიწყებდნენ.
16 მარტს მიღებული გამოცდილებით, სეპარატისტები მიხვდნენ, რომ ქალაქს პირდაპირი დარტყმით ვერ აიღებდნენ. ამიტომ ოჩამჩირეში დაწყებული ოპერაციის პარალერულად აფხაზებმა გუმისთის შემოვლა დაიწყეს. მათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ისარგებლეს და სოხუმის ჩრდილოეთით შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყეს.
აფხაზებმა სამი დღის განმავლობაში სოხუმ-ჰესი, სოფელი გუმა და ახალშენი აიღეს. მოწინააღმდეგე სტრატეგიულ დასახლებას კამანს მიუახლოვდა.
ჩრდილოეთით მოწინააღმდეგის გააქტიურება უმნიშვნელო ეპიზოდად ჩაითვალა. ქართულმა მხარემ მთავარ ამოცანად ტამიშში გადმოსხმული დესანტის ლიკვიდაცია მიიჩნია.
ქართულმა მხარემ დესანტის ლიკვიდაციისათვის მზადება დაიწყო.
5 ივლისს გამთენიისას აფხაზური ფორმირებები კამანში შეიჭრნენ. სოფლის აღების შემდეგ მოსახლეობა მთლიანად გაანადგურეს. სოხუმამდე აფხაზებს სულ 12 კილომეტრი აშორებდათ.
კამანის აღებამდე ერთი დღით ადრე მოწინააღმდეგემ საჰაერო დესანტით სტრატეგიული სიმაღლე ახბიუქის დაკავება სცადა. დესანტირება წარუმატებელი აღმოჩნდა; ქართულმა ნაწილებმა მი-8 ტიპის ორი ვერტმფრენი ჰაერშივე ააფეთქეს. აფხაზურმა მხარემ 50-მდე კაცი დაკარგა.
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში დესანტმა ანუარხუს შტურმი დაიწყო.
9 ივლისს, დილის 6.00 საათზე, მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით აფხაზები შეტევაზე გადმოვიდნენ. ისინი სიმაღლის აღებას ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ. განუწყვეტელი ბრძოლა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიტიკულ წუთებში, ახალ კინთხში ბაზირებულმა საარტილერიო დივიზიამ დესანტზე იერიში მიიტანა. მოწინააღმდეგემ ამოცანა ვერ შეასრულა. დაღუპულების სახით დესანტმა 150-მდე მებრძოლი დაკარგა. მწყობრიდან გამოვიდა სამი ტანკი. ანუაარხუზე შეტევის პარალელურად აფხაზებმა იერიში სოხუმიდან 9 კილომეტრში მდებარე სოფელ შრომაზეც მიიტანეს.
ვითარება საგანგაშო გახდა, აფხაზებმა სოფლის ცენტრი თითქმის მთლიანად დაიკავეს, თუმცა აფხაზთა პირველი შეტევა ლიკვიდირებულ იქნა.
სეპარატისტთა პირველი იერიშის მოგერიების შემდეგ სოფელში პოლიციის ნაწილი დარჩა. ღამით აფხაზებმა პოლიციის მეთვალყურეები ამოხოცეს და შრომა უდანაკარგოთ დაიკავეს.
10 ივლისს აფხაზებმა კინდღისკენ სცადეს გაჭრა, მაგრამ ქართველ მეომრებს გადააწყდნენ. დესანტმა წინ წაწევა ვერ შეძლო და გაიფანტა. დიდი დანაკარგით პატარ-პატარა ჯგუფებად მათ დაიწყეს ტყვარჩელისკენ გადასვლა დაიწყეს.
11 ივლისს ოჩამჩირიდან წამოსულმა დაჯგუფებამ დესანტის ნარჩენები საბოლოოდ გაანადგურა. სოხუმისკენ გზა გაიხსნა.
პარალელურად ბრძოლები მიმდინარეობდა ოჩამჩირეშიც. სოფელ ცაგერასთან "მხედრიონის" და ლოთი ქობალიას რაზმებმა საბოლოოდ გაანადგურეს დესანტის ნაწილები და ცოცხლად დარჩენილებს სოფელ ლაბრამდე სდიეს. ტამიშში დაბრუნებისას ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი სრულიად გაწმენდილი იყო, თუმცა აფხაზები აკონტროლებდნენ კამანს, ჰრომას, ახბიუქისა და აპიანდის სიმაღლეებს, რომლის დაბრუნება ქართულმა შენაერთებმა დიდი თავგანწირვის ფასადაც ვეღარ შეძლეს. ამრიგად, სოხუმი ჩრდილოეთიდან ბლოკირებული იყო, აფხაზებმა გუმისთას მოუარეს და ქართული პოზიციების ზურგში გამაგრდნენ.
ტამიშთან დაღუპული მებრძოლების დაკრძალვის შემდეგ გუდაუთაში სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა, სადაც სიტყვით აფხაზთა ლიდერი ვლადისლავ არძინბა გამოვიდა. ის ხალხს დაპირდა, რომ ტამიშის მსგავსი შეცდომა აღარ იქნებოდა დაშვებული და ისინი სოხუმს ჭკვიანურად აიღებდნენ.