ცნება - გაყინული კონფლიქტებისა, ფაქტობრივად, გადასახედია - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რთული დროება დაუდგა სამყაროს.
,,მე ვგულისხმობ ლტოლვილთა კრიზისს, შუა აღმოსავლეთის კრიზისს, აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებულ კონფლიქტს. გერმანიასაც საკმაოდ რთული დრო დაუდგა. ასეთი გაუკრვევლობის დროს ჩვენ ახალ-ახალი ინსტრუმენტების შექმნა გვჭირდება იმისთვის, რომ კონფლიქტებს გავუმკლავდეთ და ასვეე გავაღრმავოთ თანამშრომლობა”, - განაცხადა შტაინმაიერმა.
რაც შეეხება გაყინულ კონფლიქტებს, შტაინმაიერმა ყარაბაღის კონფლიქტი დაასახელა და აღნიშნა, რომ სამი თვის წინ საკმაოდ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კონფლიქტის ექსკალაციამ, ”რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის კონფლიქტი, რომელიც დუღდა და საბოლოო ჯამში, ამ ფორმით იჩინა თავი”.
”ასევე საქართველოში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტმა თავის დროზე ათასობით და ათიათასობით ადამიანს დააკარგინა სახლ-კარი და გამოდევნა საკუთარი ისტორიული საცხოვრებელი ადგილებიდან. ანუ სტატუს კვო შეიქმნა ისეთი, რომელმაც ხელი შეუშალა მრავალ ადამიანს, რომ ნორმალური ცხოვრების რეჟიმი გაეგრძელებინა. დღეისთვის შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში კონფლიქტი არ არის, ფართო სამხედრო ოპერაციებით გამოხატული, მაგალითად, მოლდოვაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იქაც ტერიტორიული მთლიანობა გარკვეულწლად დარღვეულია. რაც შეეხება უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაინც ძალადობა გრძელდება, არ შეწყვეტილა”, - განაცხადა შტაინმაიერმა.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ რეგიონებში სტაბილური მშვიდობის საფუძველი უნდა იყოს ცეცხლის რეალური შეწყვეტა და ”არა დრო და დრო ის თავდასხმები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ”.
,,ჩვენი მონიტორინგის მისია უნდა გავაძლიეროთ. ეს ინციდენტები უნდა იქნას გამოძიებული და ყველა ადამიანი - ომის გამჩაღებელი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, ეს არის ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი ამოცანა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მისია იყოს დაბრმავებული და მას წართმეული ჰქონდეს თავისი ძალა და დანიშნულება”, - განაცხადა შტაინმაიერმა.
მისი თქმით, დღენიადაგ იბრძვიან იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებს უნდა მიეცეთ რაც შეიძლება მეტი საშუალება, რათა გადავიდნენ დიალოგისა და მოლაპარაკებების რეჟიმში და არა ის, რომ ეს სტატუს კვო შეინარჩუნონ, რაც ძირს უთხრის ხანგრძლივადიან მშვიდობას.
”საქართველოში ჩვენ გვჭირდება იგივე მექანიზმების გამოყენება. ამა წლის მაისში მრავალი წლის მერე ჩვენ შევძელით, რომ აფხაზეთის რეგიონში IPRM-ის ქმედებები იქნა გაცილებით უფრო გააქტიურებული”, - განაცხადა შტაინმაიერმა.