ბერლინში ყველა პოლიტიკური ლიდერი იაზრებს საქართველოს მომავალი არჩევნების მნიშვნელობას და იმის, რომ პოლიტიკურად ისეთი ტიპის პოზიტიური ნაბიჯები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, მნიშვნელოვანია, თუნდაც ამ არჩევნების კონტექსტში, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, „ბრექსიტის“ შედეგების გათვალისწინებით, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია ზაფხულში მიიღოს.
”საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომელსაც საქართველო ავითარებს ევროკავშირთან, „ბრექსიტის“ შედეგებს არანაირი გავლენა არ აქვს. ანუ ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც განსაზღვრული გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, რაც გულისხმობს თავისუფალ ვაჭრობას, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიმართულებებს, რაც ამის გაგრძელებად გულისხმობს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს, არც ერთ ამ თემას ბრექსიტის შედეგები, როგორც ასეთი, არ ეხება. ჩვენ ყველა ვართ მომსწრე ევროკავშირში ინტენსიური დისკუსიების, მსჯელობის და პროცედურებზე მუშაობის, რომელიც ბუნებრივია გარკვეულ რესურსს გულისხმობს, როგორც პოლიტიკურს, ასევე ადმინისტრაციულს და ინტელექტუალურს. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ქართული დღის წესრიგი ვიზალიბერალიზაციის ნაწილში არ იქნება სერიოზულად შეფერხებული ბრექსიტის პროცესებიდან გამომდინარე. ამის ერთ-ერთი დასტურია ის ინტენსიური თანამშრომლობა, რომელიც თუნდაც ჩემი ვიზიტის სახით გამოიხატება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ გერმანიას და საქართველოს აქვს ძალიან ინტენსიური მუშაობის დღის წერიგი.
”ყველა შეხვედრაზე, ბერლინში, ყველა პოლიტიკური ლიდერი იაზრებს მნიშვნელობას საქართველოს მომავალი არჩევნებისა და იმის, რომ პოლიტიკურად ისეთი ტიპის პოზიტიური ნაბიჯები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, მნიშვნელოვანია თუნდაც ამ არჩევნების კონტექსტში. ეს ყველაფერი გააზრებულია, ეს პროცესი ესმის ჩვენს პარტნიორებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქედან გამომდინარე, მიუხედავად სირთულეებისა, რაც მოაქვს რეფერენდუმს დიდ ბრიტანეთში, ეს ყველაფერი პოზიტიურად განვითარდება”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.