ალიანსი გააძლიერებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, - ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვარშავის სამიტის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“ნატო გააგრძელებს აღმოსავლეთით თავისი პარტნიორების - უკრაინის, საქართველოსა და მოლოდვის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის განმტკიცებას, რათა მათ გარე ზეწოლას გაუძლონ და რეფორმები გააგრძელონ. ნატო გააძლიერებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას დახმარების ყოველისმომცველი პაკეტით. ის გააძლიერებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს”, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
“ნატო გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და საქართველო, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, - ნათქვამია ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.
ნატოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვარშავის სამიტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში გაიმართება.