საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა.
დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა კონფერენცია, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა და სასჯელაღრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილემ გიორგი მაკასარაშვილმა გახსნეს.
კონფერენციაზე თითოეულმა სამუშაო ჯგუფმა და რეფორმაში მონაწილე უწყებათა წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშები წარმოადგინეს. გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.
როგორც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა კონფერენციაზე განაცხადა, "სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, განვითარდა ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - რადიკალურად შეიცვალა მიდგომები და ხედვა. დღევანდელი კონფერენცია გაწეული სამუშაოს ერთგვარი შეჯამებაა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრას ისახავს მიზნად".
კონფერენციაზე ასევე განიხილეს რეგიონული საკოორდინაციო საბჭოების შექმნის ინიციატივა.
საბჭოების მთავარი ამოცანაა ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით საქართველოს რეგიონებში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მონაწილე ყველა რგოლის საქმიანობის კოორდინაცია.
სისხლის სამართლის რეფორმის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. ამ რეფორმის განხორციელებაში სხვადასხვა სახელმწიფო და ასევე არასახელმწიფო უწყებაა ჩართული. შექმნილია ოთხი ძირითადი სამუშაო ჯგუფი: არასრულწოვანთა მართლმსაჯულების, პრობაციის, იურიდიული დახმარების და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის საკითხებზე.