არგენტინელი ექსპერტები ღია მმართველობის სფეროში საქართველოს წარმატების ფორმულითა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციით დაინტერესდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბუენოს აირესში არგენტინის იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანი სამართლის სფეროს ექსპერტებს შეხვდა. მრგვალი მაგიდის ფარგლებში მინისტრმა ექსპერტებს ღია მმართველობის სფეროში მიღწეული წარმატების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. თეა წულუკიანმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ მიაღწია საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარეობას, რა გზა გაიარა და რა რეფორმები გაატარა კორუფციის დამარცხებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულებისათვის. შეხვედრაზე მინისტრმა ექსპერტებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციაც წარუდგინა.
„ჩემი მიზანია, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს, როცა საქმე სახელმწიფო სერვისების მიღებას ეხება. სწორედ ამიტომ ავაშენეთ 34 ქართულ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრი, ხოლო დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლების შენებას განვაგრძობთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა ანტიკორუფციული საბჭოსა და სხვა უწყებათაშორისი საბჭოების შესახებ, რომელთაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, და რომლებიც კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად მოქნილი ინსტრუმენტია უწყებების ეფექტური მუშაობისთვის. შეხვედრის დასრულებისას გადაწყდა, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში არგენტინისა და საქართველოს მონაწილეობით კონფერენცია გაიმართება, სადაც არგენტინის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს ღია მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნება.