გადაუღებელი წვიმების შედეგად, კახეთში მეორე დღეა წყალდიდობაა. გუშინ ღამით, ახმეტის რაიონში მდინარე ილტო ადიდდა და საავტომობილო გზა დაანგრია, რის შედეგადაც რაიონულ ცენტრს მოწყდა სოფლები: საბუე, ვეძები, ნადუქნარი, შახვეტილა და ჭართალა. ამჟამად ამ სოფლებამდე მისვლა მხოლოდ საცალფეხო ბილიკითაა შესაძლებელი.
კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები წააქცია და რამოდენიმე სოფლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. კვლავ მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში. ადიდებულმა მდინარე კაბალმა იქ რამაზანოვებისა და სოიამოვების საცხოვრებელი სახლები მთლიანად დაანგრია. დატბორილია სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები.
კაბალის რწმუნებულის ჯემალ ნიაზოვის განცხადებით, მდინარეზე ნაპირგამაგრებითი სამუშაოების შესრულება წყლის დონის დაკლებამდე შეუძლებელია. მისივე თქმით, თუ წვიმა ამაღამაც გაგრძელდა, სავარაუდოდ, სოფელი კაბალიც დაიტბორება.