ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვაჟა ჩიტაშვილი დაასახელა. ამომრჩეველს ჩიტაშვილი, რომელიც ამჟამად ახალციხის მოქმედი დეპუტატია, დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ წარუდგინეს.
„დღეს ადამიანები არიან უიმედოდ, დღეს ხალხს უფრო უჭირს, ვიდრე უჭირდათ 4 წლის წინ, ამიტომ ამრეგიონსაც და მთელს საქართველოს სჭირდება იმედის დაბრუნება, განვითარების დაბრუნება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეფასება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა ნიკა მელიამ.
„თუკი ივანიშვილის მივცემთ მივცემთ იმის საშუალებას, რასაც იგი აკეთებდა 4 წლის განმავლობაში, რომ განავითაროს მხოლოდ საკუთარი ბიზნესი, იზრუნოს ახლობლებზე, დანიშნოს მინისტრებად საკუთარი პირადი მცველები, ჩვენ რა თქმა უნდა სახელმწიფო ჩამოგვეშლება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
დღესვე ნაციონალურმა მოძრაობამ ვარძიაში კიდევ ერთი კანდიდატი - ტარიელ ლონდარიძე დაასახელა. ფრაქცია რეგიონიების თავმჯდომარე და ამჟამად ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ოქტომბრის არჩევნებში ასპინძა, ბორჯომსა და ახალქალაქის 17 სოფელში იქნება.
ახალი კანონმდებლობით, სამცხე-ჯავახეთში არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს სამი მაჟორიტარის წარდგენის უფლება აქვთ. მანამდე კანონი საქართველოს ამ კუთხეში 6 კანდიდატის დასახელების საშუალებას იძლეოდა.