"სახელმწიფო ელექტროსისტემის" ხუთ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, არჩილ ზუმბურიძეს, აგრეთვე, ზაზა ცოციაშვილს, ენვერ ჩიჩუას, დავით ნიორაძეს და ვახტანგ ქინქლაძეს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა 9 მაისს შეუფარდა.
მათივე განმარტებით, დაკავებულები სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით არიან ბრალდებულები, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს; კერძოდ, კი "საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
"სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლების დაკავების შესახებ ელექტროსისტემაში, ენერგეტიკის სამინისტროში და პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.
ჯერჯერობით უცნობია როდის მოხდა აღნიშნული პირების დაკავება.