ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე NATO-ს გაფართოების საკითხზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა, დასავლეთში უფრო გაბედული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის შიშზე პოლიტიკის მორგება ფუნდამენტური შეცდომაა.
„უმთავრესი პრობლემა, უმთავრესი და ფუნდამენტური შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ არის ის, რომ ჩვენს პოლიტიკას შიშზე ვაფუძნებთ. მე არ მსურს მსოფლიო აგებდეს პოლიტიკას მორგებულს იმაზე, თუ რამდენად ეშინია რუსეთის, რომელიც იყენებს მე-17 საუკუნის ტექნოლოგიებს თუ მე-19 საუკუნის საშუალებებს ქვეყნებში შესაჭრელად. იმ დრომდე, ვიდრე ჩვენ რუსეთის შიშით ვიხელმძღვანელებთ, არაფერი კარგი ამ სამყაროსთვის არ მოხდება.
"მსოფლიო ყველაზე წარმატებული იყო მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებდა სიმამაცეს ამჟღავნებდა და იყვნენ ლიდერები მზად გადაწყვეტილებების მისაღებად. მახსოვს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, როდესაც პრეზიდენტმა კლინტონმა და ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა სტამბოლში შამპანურის ჭიქები ასწიეს, საქართველოზე გამავალი პირველი ნავთობსადენის პროექტის აღსანიშნავად. ამან მოახდინა ცვლილება მსოფლიოს ჩვენ ნაწილში. ამ დროს საქართველო რეალურად გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელიც NATO-ს გაფართოების შემდეგ ახალმა წევრებმა და ალიანსმა ნახეს.