25 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოისმენენ რეფორმის განხორციელებაში ჩართული ყველა უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშებს.
კონფერენციას გახსნიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ელჩი პერ ეკლუნდი.
სისხლის სამართლის რეფორმის მიზანი საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაა. რეფორმა ოთხი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: არასრულწოვანთა მართლმსაჯულების, პრობაციის, იურიდიული დახმარების და სასჯელაღსრულების სისტემა.
გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
კონფერენციაზე ასევე განიხილება რეგიონული საკოორდინაციო საბჭოების შექმნის ინიციატივა. საბჭოების მთავარი ამოცანა ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით საქართველოს რეგიონებში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მონაწილე ყველა რგოლის საქმიანობის კოორდინაციაა.