პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ალუდა გოგლიჩიძე შეუერთდა. გოგლიჩიძე საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა. ალუდა გოგლიჩიძე ‘’თავისუფალ დემოკრატებში’’ განათლების მიმართულებით იმუშავებს. ირაკლი ალასანიამ წარდგენის შემდეგ პარტიის განათლების პროგრამის პრეზენტაცია დააანონსა, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
ალუდა გოგლიჩიძე გახლდათ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის’’ დირექტორი, თბილისის მერის მოადგილე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის დირექტორი, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში პროგრამების მენეჯერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სამეცნიერო სკოლების განვითარების ალიანში გამგეობის თავმჯდომარე.
‘’თავისუფალ დემოკრატებს კიდევ ერთი ძლიერი კადრი შემოგვიერთდა. ჩვენ შემოგვიერთდა ადამიანი, რომელიც 19 წელია მუშაობს განათლების სფეროში, აქედან 16 წელი ამავე სფეროს პოლიტიკის განსაზღვრაზე. ალუდა გოგლიჩიძე იქნება განათლების გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. განათლებით იწყება ეკონომიკის გაჯანსაღება და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ სისტემის რეფორმირების გზებზე და ამ მიმართელების გაუმჯობესებაზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ თავისუფალი დემოკრატების განათლების პროგრამის პრეზენტაციას’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ
''ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ის მომენტი როცა ჩავთვალე, რომ საჯარო პოლიტიკაში და კონკრეტულად განათლების სფეროში ვერ მიმდინარეობს პროცესები ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და მივიღე გადაწყვეტილება შევუერთდე თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურ გუნდს და მათთან, როგორც დემოკრატიულ და პროგრესულ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, ვიზრუნო ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ისეთი განვითარებისათვის, როდესაც ძირითადი ფასეულობა არა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები, არამედ ადამიანია. ჩვენს წინაშე არის გამოწვევა წარვმართოთ განათების სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი ისე, რომ მან უზრუნველყოს, საზოგადოების ფართო ჩართულობით, ამ ქვეყნის ყოველი მოქალაქის კეთილდღეობის ზრდისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალიზების პროცესში.
ვთვლი, რომ თავისუფალი დემოკრატების გუნდი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებების მიმართ არა მარტო ერთგულება, არამედ პრინციპულობაც და ბრძოლისუნარიანობაც.
ამავდროულად ვფიქრობ, რომ გამაჩნია ის ცოდნა, უნარ-ჩვევები, მიდგომები და შესაბამისი გამოცდილება, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების კონსოლიდაციის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალიზებისათვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მჯერა, რომ თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურ ძალასთან ერთად შევძლებთ საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვებას და ამ ქვეყნის ყოველი მოქალაქის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას!'', - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.