"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე პოლიტიკური პლატფორმის - "ახალი საქართველოს" პრეზენტაციას მართავს. „ვარდების მოედანზე“ საპატრულო პოლიცის თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს, რისი მიზეზიც „ახალი საქართველოს“ მიერ დაგეგმილი მსვლელობაა.
მსვლელობა 14.00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო შეფერხდა. ამჟამად, რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილი არიან ღონისძიების მონაწილეები. გიორგი ვაშაძის თქმით, უნდა დასრულდეს კარს მიღმა ყრილობები, ამიტომ გადაწყვიტეს ღია ცის ქვეშ შეკრება.
"გვინდა, საქართველო გავაერთიანოთ, გვინდა, ბოროტება დავამარცხოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს გამთლიანებაში. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩვენი მხარდამჭერები მოდიან. ჩემი პოლიტიკური გეგმაა, რომ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდეს პოლიტიკაში. პოლიტიკური კლასი მოძველდა, ხალხსაც მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანები. ეს ნაბიჯი გადავდგი იმისთვის, რომ კარი გავუხსნა ძალიან ბევრ ნიჭიერ, გონიერ,განათლებულ ადამიანს, მთავარია დეები, რის გარშემოც უნდა შეიკრიბონ ადამიანები და არა - ნათესაობა, ბიძაშვილობა, ერთგულება და მონური მორჩილება",-აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრები ოფიციალურად დააფუძნებენ პლატფორმას, საარჩევნო სიის წევრები, მაჟორიტარების კანდიდატები კი, შეირჩევიან პრაიმერის გზით.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დღეიდან იწყებენ კონსულტაციებს ყველა პროდასავლურ ძალასთან, საარჩევნო პროგრამის შესადგენად.