ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები არ დათანხმდებიან საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, სანამ ე.წ. შეჩერების მექანიზმი ძალაში არ შევა, - ამის შესახებ გამოცემა Die Welt-ი წერს.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ გერმანიას სურს, თითოეული ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმი ეტაპობრივად დაწესდეს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა, პარლამენტში გამართულ დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ გერმანიაში აქტიურობენ ქართული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, ბინების ძარცვით არიან დაკავებული. საპასუხოდ ბუნდესტაგის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის საჯაროდ განხილვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას საფრთხის ქვეშ დააყენებს. Die Welt-ის თანახმად, სწორედ ამიტომ გერმანია და საფრანგეთი მუშაობენ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.
Die Welt-ის თანახმად, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი პერ შტაინბრიუკი, საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების კატეგორიული წინააღმდეგია, სანამ ევროზონაში პრობლემებს არ მოგვარდება.
,,სანამ მიგრაციული კრიზისიდან გამოსავალს არ ვიპოვით და რუსეთთან დროებით შეთანხმებას არ მივაღწევთ, მომხრე ვარ, რომ დაწესდეს მორატორიუმი ევროზონაში გაწევრიანებზე, ევროკავშირის გაფართოებაზე და ნატო-ში ახალი ქვეყნების მიღებაზე“, - აცხადებს დეპუტატი.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის სამთავრობო წრეებში იზრდება უკმაყოფილება ვიზალიბერალიზაციის დაწესებასთან დაკავშირებით.