პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ბანიამინ კასიმოვი შეუერთდა. კასიმოვი საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა. ბანიამინ კასიმოვი ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ დაფუძნების დღიდან იყო პარტიის წევრი და აქტიურად იყო ჩართული პარტიულ საქმიანობაში. თუმცა ბოლო 3 წლის განმავლობაში ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. როგორც ბანიამინ კასიმოვმა წარდგენისას განაცხადა, დღეს როცა "სამშობლოს სამსახური დასჯადია", კონფორტულ სახელმწიფო სამსახურში დარჩენა მისთვის უხერხულია. კასიმოვი არის არაერთი საერთაშორისო პროექტის და პროგრამის მონაწილე და ინტენსიურად მუშაობდა ეთნიკური უმცირესობის პრობლემებზე. ბენიამინ კასიმოვს დამთავრებული აქვს სტამბოლის უნივერსიტეტი.
‘’ეს არის გმირობის ტოლფასი დატოვო კომფორტული სახელმწიფო სამსახური და წახვიდე ოპოზიციურ პარტიაში. ბენიამინი არის მნიშვნელოვანი და ძლიერი კადრი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩვენთვის, ‘’თავისუფალი დემოკრატებისთვის’’ ძალიან მნიშვნელოვანია ბენიამინის პარტიაში უკან დაბრუნება’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
‘’სამწლიანი საჯარო სამსახურის შემდეგ მე ისევ ვუერთდები ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’. ჩემთვის დიდი პატივი იყო მუშაობა ისეთ სტრუქტურაში როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო, მიღებული გამოცდილება აუცილებლად გამომადგება შემდგომ საქმიანობებში. მაგრამ დღეს ვინაიდან ქვეყანას სჭირდება სწორი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება და ვინაიდან სწორედ ‘’თავისუფალი დემოკრატებია’’ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვები და კომპეტენცია ქვეყანა დააყენოს განვითარების სწორ გზაზე, გადავწყვიტე წამოვსულიყავი თავდაცვის სამინისტროდან და ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ რიგებს შევრთოდი. დღეს როცა "სამშობლოს სამსახური დასჯადია", როცა ხელისუფლება ინერციით აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ უსამართლობას, კონფორტულ სამსახურს ვერ შევრჩებოდი, დარჩენა უხერხულიც კი იყო. ასე რომ ვუბრუნდები ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’ რათა ვუთხრა "არა" ფორმალურ მმართველობას და ფორმალური მმართველობის იმ უარყოფით შედეგებს რომელსაც ქვეყნის გარეთ თუ შიგნით ყოველ ნაბიჯზე ვხდებით’’, - განაცხადა ბანიამინ კასიმოვმა.