ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გარანტირებული, თუ სუვერენიტეტი, თავისუფლება და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები სრულად იქნება დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კონფერენციამ თავი დაიმკვიდრა, როგორც რეგიონის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფორუმმა.
„აქ განიხილება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები და ხდება საერთო, სტაბილური მომავლის მშენებლობასთან დაკავშირებული მოსაზრებების ურთიერთგაცვლა. ეს კონფერენცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს იმართება. 26 მაისს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ამ 25 წლის მანძილზე, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, გრძელი გზა გამოვიარეთ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ ისტორიული თარიღის თქვენი აქ ყოფნის დროს აღნიშვნის შესაძლებლობა გვაქვს. NATO-ს სამომავლო კურსისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ალიანსის რეაქციის განსასაზღვრავად, ვარშავის მომავალი სამიტი უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ევროატლანტიკურ საზოგადოებას გზის გაკვლევა უწევს რთული სისტემის ფარგლებში, რომელშიც სხვადასხვა ტიპის საფრთხეები სხვადასხვა სახის წყაროდან მომდინარეობს.
„ამჟამინდელი გამოწვევების მრავალფეროვნება ერთიან, თანმიმდევრულ და მოქნილ რეაგირებას საჭიროებს. მომავალი ორი დღის მანძილზე დაგეგმილი დისკუსია ამ გამოწვევებზე ერთიანი პასუხის განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს. ამასთან, ჩვენ გვწამს, რომ NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო ალიანსთან თავისი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნის ერთგულია. ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე ჩვენ საერთაშორისო მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსარგებლობთ უსაფრთხოების გარანტიებით, არამედ ვქმნით მათ. ეს შეეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო ვითარებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს ამბიციურ რეფორმებს უფრო ძლიერი სახელმწიფოს ასაგებად, რომელსაც სურს გაუმკლავდეს საფრთხეებს, რომლებიც ევროპას მის საზღვრებში და საზღვრებს მიღმა ემუქრება.
„საქართველო, შავი ზღვა და კავკასიის რეგიონი იმ თავსატეხის მნიშვნელოვანი ნაწილებია, რომელსაც NATO აგროვებს. ესაა წერტილი, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება. ესაა ტერიტორია, სადაც ალიანსი და მისი პარტნიორები პასუხისმგებლობას ინაწილებენ. დიდად ვამაყობ იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელობით, რომელმაც მიუხედავად არსებული საგარეო გამოწვევებისა, მნიშვნელოვანი რესურსები გაიღო თავისი მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გარანტირებული, თუ სუვერენიტეტი, თავისუფლება და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები სრულად იქნება დაცული. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას ამის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენაა არაორაზროვნად მიმართული. ესაა ქართველი ხალხისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალების, მათ შორის ოპოზიციის არჩევანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ერთგულია.
„როგორც პარტნიორი სახელმწიფო, ჩვენ მზად ვართ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გლობალური სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვითანამშრომლოთ. ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტს (CSDP). როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქართველო თავის ჯარისკაცებს ევროკავშირის მალისა და ცენტრალურ აფრიკის მისიებში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მომავალ თვეებში ამოქმედდება. უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენი ევროალანტიკური მიზნები არავის წინააღმდეგაა მიმართული. პირიქით, ჩვენმა სწრაფვამ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა გააძლიეროს. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ამ არჩევანს კონრეტულ შედეგებამდე მივყავართ. ბუქარესტის სამიტზე, NATO-ს 28 წევრმა-სახელმწიფომ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველო ალიანსს მალე შეუერთდება. დეკემბრის მინისტერიალის დროს აღნიშნული მზადყოფნა კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც აღინიშნა, რომ “საქართველოს ურთიერთობას ალიანსთან აქვს ყველა პრაქტიკული მახასიათებელი, რაც მის წევრობისთვის მომზადებას უზრუნველყოფს”, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) ალიანსის ამ გადაწყვეტილების განუყოფელი, პოლიტიკური კომპონენტი გახდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კონკრეტულ შედეებზე, რათა ალიანსს პარტნიორობის ხელშესახები სარგებელი აჩვენოს.
„ჩვენ სრულად ვიყენებთ NATO-ს მექანიზმებსა და პროგრამებს, რათა კიდევ მეტად გავზარდოთ საქართველოს თავსებადობა ალიანსთან. უკანასკნელ წლებში გაძლიერებული ანტი-დასავლური პროპაგანდის ტალღის მიუხედავად, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას და უკუვაგდოთ მზარდი ჰიბრიდული საფრთხეები, თუმცა მხოლოდ ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. დასავლეთის მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. რეგიონში NATO-ს აქტიურობასა და ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.