ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აღდება. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ”იმედის” ეთერში განაცხადა.
”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევით, აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აღდგება და უახლოეს მომავალში გაიმართება პირველი შეხვედრა, რაც 4 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ ამ და სხვა ტიპის პრობლემები განვიხილოთ ჩართულ მხარეებთან”, - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში 1994 წლიდან 2009 წლამდე, საერთაშორისო დამკვირვებლის ფუნქცია - გაეროს მისიას ჰქონდა. თბილისის, სოხუმის, მოსკოვისა და გაეროს წარმომადგენლები ოთხმხრივი დიალოგის ფარგლებში, სოხუმსა და ჭუბურხინჯში ხვდებოდნენ ერთმანეთს.
2009 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში, საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ეუთოს, ისე გაეროს სადამკვირვებლო მისიების გაგრძელებას ვეტო დაადო, ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩაანაცვლა. თუმცა, ევრომონიტორებს მხოლოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პატრულების უფლება აქვთ, რუსეთის საოკუპაციო ძალები მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ.
გალის ფორმატის აღდგენის სანაცვლოდ, თბილისისთვის წაყენებული მთავარი მოთხოვნა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმება იყო.