"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი ცესკომ არ განიხილა-ამის შესახებ განცხადება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი, რომელიც ეხებოდა წყალტუბოს საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე გადასატან საარჩევნო ყუთს, ცესკოში შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.
”შემოვიდა ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საჩივარი. საჩივარში მოთხოვნილი იყო წყალტუბოს საარჩევნო კომისიის 20 მაისის განკარგულების ბათილად ცნობა. ვინაიდან კანონმდებლობა დეტალურად აღწერს უფლებამოსილ პირებს, თუ ვის შეუძლია აღნიშნული ტიპის საჩივრის შემოტანა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივარი დატოვა განუხილველი, ვინაიდან საჩივარი შემოტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ანა მიქელაძის თქმით, წყალტუბოს 49-ე უბანზე ხმის მიცემის 20 წუთით დაგვიანების მიზეზი იყო, კომისიის მუშაობის ოდნავ შეფერხება, რომელიც გამოწვეული იყო დაკვირვების პროცესში გამოწვეული კითხვებით.